English / ქართული / русский /
მაია კაპანაძეგიორგი ჭინჭარაული
წარმოების ხარჯების ეფექტიანობა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოში წარმოების კერძო და საზოგადოებრივი ხარჯების ეფექტიანობის დადგენის მაჩვენებლები და საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისა და მიწოდების ხარჯების ეფექტიანობის განსაზღვრაში შექმნილი პრობლემები. ამ საკითხების მიმართულებით ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და შემუშავებული სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა. მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი კანონმდებლობა, სადაც დაკანონდება: ოლიგოპოლიების მონოპოლიური მდგომარეობის აკრძალვა, კონკურენციის შეზღუდვის დასჯადობა და ა.შ.

საკვანძო სიტყვები: წარმოების ხარჯები და ეფექტიანობა, ოლიგოპოლია, ოლიგოპოლიური მონოპოლია. 

შესავალი

წარმოების ხარჯების ეფექტიანობის ამაღლება საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც მთლიანობაში, ისე ეკონომიკური გლობალიზაციის დროს. წარმოების ხარჯების ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული გლობალიზაციის რეგულირების ფორმებზე, მიზანსა და ამოცანებზე. თავის მხრივ, ეკონომიკური გლობალიზაციის რაციონალური რეგულირება მოითხოვს წარმოების ხარჯებისა და მათი ეფექტიანობის სრულყოფის გზების ცოდნას. წარმოების ხარჯები საწარმოო და საფასო გადაწყვეტილებების განმსაზღვრელი ფაქტორი და დარგის ორგანიზების მნიშვნელოვანი ბერკეტია. მიუხედავად ამისა, წარმოების ხარჯებთან დაკავშირებული რიგი საკითხები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ბუნებრივია, ყველა ხარჯის სახეს, მით უმეტეს ყველა ასპექტში, აქ ვერ წარმოვადგენთ. შევეხებით მხოლოდ კერძო და საზოგადოებრივ (ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ) ხარჯებს. 

* * *

წარმოების ხარჯების ეფექტიანობის ამაღლება საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც მთლიანობაში, ისე ეკონომიკური გლობალიზაციის დროს. წარმოების ხარჯების ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული გლობალიზაციის რეგულირების ფორმებზე, მიზანსა და ამოცანებზე. თავის მხრივ, ეკონომიკური გლობალიზაციის რაციონალური რეგულირება მოითხოვს წარმოების ხარჯებისა და მათი ეფექტიანობის სრულყოფის გზების ცოდნას. საზოგადოებრივი წარმოება დაკავშირებულია უამრავი სახის ხარჯებთან, რომელთა ცოდნაც  აუცილებელია რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისათვის. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა გამოყოფს შემდეგი სახის ხარჯებს: ძირითადი და ცვალებადი, დროებითი და მუდმივი, პირდაპირი და არაპირდაპირი, მატერიალური და არამატერიალური, წარმოებითი და არაწარმოებითი, სამეწარმეო და არასამეწარმეო, სრული და არასრული, ინდივიდუალური და ერთობლივი, სადამფუძნებლო და არასადამფუძნებლო, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი, ადმინისტრაციული და არაადმინისტრაციული, ფულადი და არაფულადი და ა.შ. ასევე სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ხდება ხარჯების დაყოფა– დაჯგუფება.    

ცნობილია, რომ წარმოების ხარჯები საწარმოო და საფასო გადაწყვეტილებების განმსაზღვრელი ფაქტორი და დარგის ორგანიზების მნიშვნელოვანი ბერკეტია. მიუხედავად ამისა წარმოების ხარჯებთან დაკავშირებული რიგი საკითხები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ბუნებრივია ყველა ხარჯის სახეს, მით უმეტეს ყველა ასპექტში, აქ ვერ წარმოვადგენთ. შევეხებით მხოლოდ კერძო და საზოგადოებრივ (ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ) ხარჯებს. აქვე შევნიშნავთ, რომ კერძო და ინდივიდუალური  ხარჯების ცნება ერთ შემთხვევაში შეიძლება იდენტურად გამოვიყენოთ, ე.ი. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ფიზიკური პირია, მეორე შემთხვევაში კი განსხვავებულად. მაგალითად, როცა კერძო კოლექტიურ  ერთ ფირმას ინდვიდუალურ საწარმოო ხარჯებად მოვიხსენიებთ, ხოლო ინდმეწარმის ხარჯებს ინდივიდუალურ ხარჯებად მივიჩნევთ.                                                                                     სამეცნიერო  და პედაგოგიურ ლიტერატურაში განასხვავებენ: შიდასაფირმო, საფირმო და მთლიან საფირმო ხარჯებს. აღნიშნული ხარჯებიდან გამომდინარე განასხვავებენ საბუღალტრო და ეკონომიკურ მოგებას. ამ მოგებების რესურსების ხარჯებთან თანაფარდობით ანგარიშობენ რესურსების გამოყენების ეფექტიანობის მაჩვენებლებს ფირმის მასშტაბით. საზოგადოების  მასშტაბით კი წარმოების ხარჯების ეფექტიანობა რომ განვსაზღვროთ, საჭიროა შევისწავლოთ ყველა ის ხარჯი, რომელიც მოიცავს როგორც პროდუქტების უშუალო წარმოებასა  და მოხმარებასთან დაკავშირებულ, ისე ამ წარმოებისა და მოხმარების შედეგად გაწეულ სხვა ხარჯებს, ე.ი. ყველა იმ ხარჯს, რომელსაც ეწევიან როგორც მწარმოებლები, ისე მომხმარებლები და მესამე პირებიც, მოცემული სახის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების გამო. ამდენად, საზოგადოების მასშტაბით წარმოების ხარჯების ეფექტიანობის დასადგენად მოცემული სახის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული მოგება უნდა შევუფარდოთ ამ პროდუქტების წარმოებასთან, რეალიზაციასა და მოხმარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ე.ი. ხარჯებს საზოგადოების მასშტაბით.      

საქართველოში კერძო და საზოგადოებრივი ხარჯების ეფექტიანობის საკითხი მეტ–ნაკლებად დამუშავებულია თეორიულ ასპექტში,  კერძოდ გარე ეფექტების თვალსაზრისით. ასევე  იქ, სადაც კერძო და საზოგადოებრივი ხარჯები ერთმანეთს ემთხვევა, მათი რეგულირების საკითხები ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი და   საქართველოს კანონმდებლობაში ასახული. მაგალითად, ოლიგოპოლიის პირობებში თუ ოლიგოპოლიური ფირმები თანამშრომლობაზე ვერ შეთანხმდნენ და ე.წ. „ოლიგოპოლიური მონოპოლია“ არ შექმნეს, შესაძლოა ზოგიერთი ოლიგოპოლიური ფირმების ხარჯები იყოს არაეფექტიანი, ზოგიერთის კი ეფექტიანი, რაც მთლიანობაში საზოგადოებრივი ხარჯების თვალსაზრისით   არაეფექტიანი იქნება ვინაიდან, თუ შეუთანხმებლობის პირობებში აწარმოებენ ბაზრის მოთხოვნილებაზე მეტს,  რეალიზაცია არ მოხდება. ფასები  დაეცემა, მომხმარებელთა ხარჯები შემცირდება და ა.შ. თუ აწარმოებენ ნაკლებს, მომხმარებელთა ხარჯები გაიზრდება,  ფასები აიწევს, რესურსები არასრულყოფილად გამოიყენება.

არის თუ არა ქართული ბაზარი მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური ან არის თუ არა მომხმარებელი კარტელური გარიგების მსხვერპლი, ეს ოფიციალურად ჯერ არავის შეუსწავლია, რადგან საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობს, რომელიც ბაზარს შეისწავლიდა და კონკურენციის პირობებს შექმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობები არ არსებობს, რადგან ქართულ ბაზარზე მოთამაშეები იმდენად თვალსაჩინოდ ეწევიან „ფარულ“ გარიგებებს, რომ მათი მხილება არ გაჭირდება. ქართულ ბაზარზე მინიმუმ 7 დარგში სრული მონოპოლია ან ოლიგოპოლიაა, რაც პირველ რიგში ხარისხსა და ფასზე აისახება. მონოპოლიური ფასებია: ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ფარმაცევტულ ბაზარზე, რკინიგზაზე, ელექტრომომარაგებაში, წყალმომარაგებაში, კავშირგაბმულობაში.

ნავთობკომპანიები მომხმარებელს არჩევანის საშუალებას არ უტოვებენ, ამ ქსელში ყველა კომპანია ერთნაირად მაღალ ფასებს და დაბალ ხარისხს გვთავაზობს. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ფარმაცევტულ ბაზარზე. აქ მთავარი მოთამაშეები არიან ქსელები: ავერსი, პე-ეს-პე  და  ჯი-პი-სი, საკუთარი სადაზღვევო კომპანიებით. მთავარი მოთამაშეები აარსებენ შვილობილ კომპანიებს, მომსახურებას კი იმავე პირობებით გვთავაზობენ. შეთანხმების საფუძველზე ახდენენ ფასების ფიქსირებას მომხმარებლის წინააღმდეგ და ზღუდავენ კონკურენციას.

როგორც ვხედავთ, საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია და კონკურენციის პოლიტიკა მოქმედებაში მოისუსტებს. აღნიშნულის დასაძლევად საჭიროა კონკურენციის და სხვა კანონმდებლობის სრულყოფა, მის საფუძველზე რაციონალური კონკურენციის პოლიტიკის დამუშავება და ამ პოლიტიკის რეალიზაციის შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა და სათანადო  დამოუკიდებელი  უფლებამოსილებით აღჭურვა.

საქართველოს კანონმდებლობით მონოპოლიებს და ოლიგოპოლიებს გარკვეული ზომით ეკრძალება ხელოვნურად დეფიციტური მდგომარეობის შექმნა. დემპინგური ფასების დადგენა, სხვა ეკონომიკური აგენტისათვის ხელშემშლელი პირობების შექმნა, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება, ხელშეკრულების დადების იძულება და სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას ან ეკონომიკური აგენტის და მომხმარებელთა ინტერესების შელახვას. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური აგენტები როცა არღვევენ აღნიშნულ კანონმდებლობას, სახელმწიფო  უნდა ატარებდეს კონკურენციის ფორმირების, სრულყოფისა და დაცვისათვის ისეთ რიგ ღონისძიებებს, როგორიცაა ფიქსირებული ფასების, რენტაბელობის ზღვრული ნორმის დაწესება; მონოპოლიების დაყოფის (დაწვრილერთეულების) შესახებ და ა.შ.

ცნობილია, რომ ოლიგოპოლიებში წინ დგას დომინანტური სტრატეგია _ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა, რაც სხვა სფეროებზეც მოქმედებს. აღნიშნულის დასაძლევად საჭიროა სახელმწიფოებრივი რეგულირება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ოლიგოპოლიის წევრთა თანამშრომლობის შესაძლო საზოგადოებისათვის არასასურველი შედეგი. ასეთ შემთხვევაში ოლიგოპოლიის შიგნით კონკურენციის ფორმირება უნდა იყოს დაცული. მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი კანონმდებლობა, სადაც დაკანონდება: ოლოგოპოლიების მონოპოლიური მდგომარეობის აკრძალვა, კონკურენციის შეზღუდვის დასჯადობა და ა.შ., მაგრამ კანონმდებლობამ შეიძლება არ აკრძალოს ისეთი საქმიანობა, რომლის ეფექტიც ცხადი არ არის. კერძოდ, ასეთ კონკრეტულ საქმიანობას მიეკუთვნება რამდენიმე პროდუქციის კომპლექსური გაყიდვა, ე.წ. „შეკვრა“, საცალო ფასების შენარჩუნება და ა.შ.

კერძო და საზოგადოებრივი ხარჯების ეფექტიანობის დადგენა საზოგადოებრივი პროდუქტის მიწოდების დროსაც დანახარჯ-სარგებლიანობის თანაფარდობის ანალიზით უნდა განხორციელდეს, რადგან საზოგადოებრივი პროდუქტის მომწოდებელი უფრო  სახელმწიფოა, ვიდრე კერძო სექტორი, საზოგადოებრივი ხარჯები მეტია კერძოზე. ორივე შემთხვევაში საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისა და გამოყენების ხარჯებით მიღებული ეფექტიანობის გამოთვლა რთულია. უკეთეს შემთხვევაში მიახლოებითი.

ამდენად, საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისას გარკვეულ პრობლემას ქმნის ხარჯებისა და სარგებლიანობის თანაფარდობის საკითხი. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში საზოგადოებრივი პროდუქტი კერძო პროდუქტის სახესაც იღებს. საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოების ხარჯების ეფექტიანობის განსაზღვრა რთულია იმიტომაც, რომ მას არ გააჩნია ფასი. თუმცა ასეთი პროდუქტების სარგებლიანობის მიახლოებითი გამოთვლების ხარჯების ეფექტიანობის დადგენა საქართველოში მოისუსტებს. ფაქტობრივად მეთოდოლოგიაც არ არსებობს. გასათვალისწინებელია ის მდგომარეობაც, რომ სხვადასხვა გარემოებათა გამო ინდივიდუალური ხარჯების ეფექტიანობის დროს საზოგადოებრივი ხარჯები შეიძლება არაეფექტიანი იყოს ან პირიქით. ისეთ ვითარებაში, როცა წარმოიშობა მსგავსი პარადოქსები, საზოგადოებისათვის მისაღები ხარჯების სიდიდეს მხოლოდ საბაზრო მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს თუ არ მოხდა რეგულაცია სახელმწიფოს მიერ  სათანადო ეკონომიკური პოლიტიკით, რომელშიც ასახული იქნება არა მარტო კანონმდებლობის ნორმები, არამედ იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის მისაღები ხარჯების ფორმირებას. საქართველოში ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები ჯერჯერობით დაუმუშავებელია, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივი წარმოების განვითარებას. საბოლოოდ კი საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 დასკვნა

ნაშრომში განხილულია წარმოების კერძო და საზოგადოებრივი ხარჯები. მოცემულია ამ ხარჯების ეფექტიანობის დადგენის მაჩვენებლები. გაანალიზებულია ის სირთულეები, რაც პრობლემებს ქმნის საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისა და მიწოდების ხარჯების ეფექტიანობის განსაზღვრაში.

დასაბუთებულია, რომ საქართველოში წარმოების ხარჯების და ეფექტიანობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ამ მიმართულებით არ არის შემუშავებული სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა წარმოების ხარჯების ეფექტიანობის ამაღლებას და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კაპანაძე მ., პირველი საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია. კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები. თემა: კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. შრომების კრებული. 17-18 ნოემბერი, გვ. 307-310., 2017.
  2. ჭინჭარაული გ., ეკონომიკური თეორია, ნაწ.1, თბ.,  2001.
  3. ჭინჭარაული გ., ეკონომიკური თეორია, ნაწ.3, თბ., 2015.
  4. ჭიღლაძე ი., დანახარჯების აღრიცხვის სისტემები, თბ., 2009.